Search

ბიემჯის ინტერვიუ არჩილ ბუკიასთან

"იმერეთის აგრო ზონის" სასათბურე მეურნეობების კლასტერზე, რომელზეც წინადადებების მიღება 31 დეკემბერს დასრულდა, 27 ინვესტორმა შეიტანა განაცხადი. ამის შესახებ BMG-ის “იმერეთის აგრო ზონის” დირექტორმა არჩილ ბუკიამ განუცხადა.

საუბარია წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტზე, რომლის განვითარების მიზნითაც, სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრო ზონა“ შეიქმნა. კომპანიას მთავრობამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისთვის 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოუყო.


კონცეფცია ასეთია - "იმერეთის აგრო ზონა" უნდა იყოს მრავალფუნქციური სივრცე, დაწყებული სათბურებიდან, დასრულებული სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობებით და სასწავლო ცენტრით.

“წინადადებების მიღების პროცესმა, რომლის ვადა 31 დეკემბრამდე იყო, წარმატებით ჩაიარა. ჯამში 27 წინადადება მივიღეთ მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ჩათვლით. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ისრაელი, საბერძნეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია და სხვა. კერძოდ, 27 განაცხადიდან 14 ქართულია, 13 - უცხოური. ამჟამად, შემოსული წინადადებების შესწავლა მიმდინარეობს. შედეგების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გვექნება, როცა მათ შევისწავლით და დავამუშავებთ”, - აცხადებს ბუკია.


მისივე თქმით, სწორედ წინადადებების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, თითოეული ინვესტორი რა მოცულობის ინვესტიციას გეგმავს და ასევე რა ფართობის ტერიტორიას აითვისებს.


“დამუშავებულ წინადადებებს სამინისტროს წარვუდგენთ. შემდეგ დავიწყებთ წინადადებების შემომტანებთან აქტიურ მოლაპარაკებებსა და მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ვფიქრობთ, თებერვალი-მარტი მოლაპარაკებების პროცესს დაეთმობა და, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ყველასთან გვექნება ხელშეკრულება გაფორმებული", - ამბობს ბუკია.


“იმერეთის აგრო ზონის” დირექტორი დასძენს, რომ შემოსული განაცხადებიდან ნაწილი სხვადასხვა ტიპის სათბურის მათ შორის ყვავილების სათბურის მოწყობას ეხება.


“კონტრაქტების გაფორმების შემდეგ გვეცოდინება საინვესტიციო მოცულობა. წელს კიდევ ვგეგმავთ წინადადებების მიღების გამოცხადებას, თუმცა როდის, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. შემოსული წინადადებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ, დაახლოებით, 18 ჰა-ზე გვაქვს მოთხოვნა. პირველი ფაზისთვის, რომელიც 2022-2023 წლებს მოიცავს, 32 ჰა-ს ათვისება გვქონდა განზრახული. აქედან როგორც გითხარით, პირველადი განაცხადი 18 ჰა-ზე უკვე გვაქვს”, - ამბობს ბუკია.


სტატიის ბმული www.bm.ge

25 views0 comments